მთავრობას გუდაურის სხვა სეზონებზე განვითარების ხედვა აქვს – დავითაშვილი

მთავრობას გუდაურის სხვა სეზონებზე განვითარების ხედვა აქვს – დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობას გუდაურის სხვა სეზონებზე განვითარების ხედვა აქვს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისადმი მოსამზადებელი სამუშაოები საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განხილვისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ამ ხედვის დამატებით დეტალებზე საუბარი არ არის და აღნიშნულია, რომ მინისტრმა გუდაურში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, გუდაური მნიშვნელოვანი სამთო კურორტია, მაგრამ ამავე დროს, მთავრობას აქვს მისი განვითარების ხედვა სხვა სეზონებზეც.

ლევან დავითაშვილმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, რომელთაც მთავრობა სამთო კურორტის მეტი განვითარებისთვის აკეთებს. მათ შორისაა, ორი ახალი საბაგირო კომპლექსი ახალ გუდაურში, რომლებსაც ავსტრიულ – შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ – გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს. თითოეული საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1800 – 2400 ადამიანი იქნება. მისი თქმით, წელს პირველად გუდაურში სნოუბორდ ქროსში საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება, რაც დადებითად ასახავს კურორტის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრაზე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ წარადგინა პრეზენტაცია გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის სეზონისთვის მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების შესახებ. მისი თქმით, ზამთარში გუდაურში ჩამოსულ ვიზიტორებს დახვდებათ ახალი საბაგირო კომპლექსი და სასრიალო ტრასები. ასევე მოხდა არსებული ტრასების რეაბილიტაცია და განახლდა სპეცტექნიკა. ირაკლი ბურჭულაძის თქმით, კურორტი მზად იქნება, საერთაშორისო შეჯიბრებს უმასპინძლოს. „ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მიგვაჩნია, რომ გუდაურში მაღალი რანგის შეჯიბრებების გამართვა უმნიშვნელოვანესია, როგორც გუდაურის, როგორც სამთო კურორტის და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის,“ – განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელმა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა კურორტის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ შეხვედრები კერძო სექტორთან რეგულარულად გაიმართება, რათა კურორტის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში კერძო სექტორი მაქსიმალურად იყოს ჩართული.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა – მთიანეთში დავით ნოზაძე.

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…